მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კიდევ 6-მა მოქალაქემ დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კიდევ ექვსმა ადამიანმა დაიწყო.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და ღამე იქ გაატარეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

"ელენე ხოშტარიამ გამოაცხადა შიმშილობა. ჩვენ მის პროტესტს ვუერთდებით და ვიწყებთ შიმშილობას. ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდეს სპეციალური კვლევები, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. ეს ბარბაროსული მოპყრობა ხელისუფლების მხრიდან მომდინარეობს", - თქვა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გელა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ხოშტარიას შემდეგ, შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარობის კანდიდატმაც.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი