"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული "პრინციპული პოზიციისთვის" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება "სრულ ჰარმონიაშია" სამ ძირითად პრინციპთან, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს.
"სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს, ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, ის წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და მისი გადაწყვეტილება არის სრულ ჰარმონიაში ამ სამივე პრინციპთან. პირადად მე, ვეთანხმები და მადლობას ვუხდი ამ ძალიან პრინციპული პოზიციისთვის", - თქვა წილოსანმა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ზურაბიშვილმა რეალურად არა საკუთარი, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გააჟღერა, „ოცნების“ დეპუტატი ასე ეხმაურება:
"ოპოზიცია ყოველ ჯერზე დარწმუნებულია და ყველას უმტკიცებს, რომ მოიგებს არჩევნებს, თუმცა უკვე მესამე მოწვევის პირობებში, ოპოზიციამ მოიგო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი, ამიტომ ის, რომ ოპოზიცია რამეში არის დარწმუნებული ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავუჯეროთ", - ამბობს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უცვლელია - "არა და არასოდეს".