რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პროტესტი გრძელდება - ციხესთან რამდენიმე კარავია გაშლილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი 38-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს.
პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
რუსთავის ციხესთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა მთავარი მოთხოვნა - გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში - და ამისთვის ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა აქვს.
ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია ორშაბათს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საღამოს 20 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.