
ფაფა "მეოცნებე" ხელისუფლებისთვის - იუსტიციის სამინისტროსთან მოძრაობა "დროას" წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. რატი ბრეგაძის უწყებას მათ კონკრეტული მოთხოვნით მიაკითხეს - მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში სათანადო მკურნალობის მიზნით გადაყვანა აუცილებელია.
"დროას" წევრები აპროტესტებენ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას, რითაც უწყება ცდილობს დაამტკიცოს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკვებს იღებს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს სთხოვენ, გამოვიდნენ და თავად მიირთვას ეს "საკვები".
"მოვედით იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს დავანახოთ რა არის ის, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან, რომ იყო საჭმელი. ეს არ არის საკვები ეს არის მინერალებისა და ვიტამინებისგან შემდგარი ფაფა, რომელიც აუცილებელია, რომ მოშიმშილე ადამიანმა მიიღოს, თუ ის გადაწყვეტს ამ გზით წასვლას, რომ სიცოცხლე შეძლოს.
ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივად 40 დღეა შიმშილობს და ეს ვიტამინები აუცილებელია, თორემ სხვა შემთხევვაში ფატალური შედეგი იქნებოდა დამდგარი და არც ისე შორს ვართ ამ შედეგისგან. ჩვენ როცა ვუყურებთ, რომ სახელმწიფოს ფეხებზე კიდია როგორ იქნება ეს ადამიანი როგორ იქნება, იმიტომ, რომ ამოძრავებს პირადი შურისძიება. ვერავინ ამ ქვეყანაში და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაწყვეტს რომელ ადამიანს როდის წაართვას სიცოცხლე",- თქვა შუშანა მაცაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს.
სახალხო დამცველის სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მინერალებს ექიმის მკაცრი მითითებითა და რეკომენდაციით იღებდა. მიხეილ სააკაშვილი ფაფების მიღებაში პენიტენციურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა დაარწმუნა.
კადრები პენიტენციურმა 6 ნოემბერს "მაღალი საზოგადოებრივი" ინტერესიდან გამომდინარე გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ციხის სამედიცინო ნაწილში, ექიმების თანდასწრებით, მიხეილ სააკაშვილი "იკვებება. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სპეკულაციების თავიდან აცილების მოტივით, მინერალებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა. უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე - მიხეილ სააკაშვილი
ავტორი: საბა ბუაძე.