შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობისა და მისი გლდანის საპატიმროს საავადმყოფოში გადაყვანაზე განცხადებას აკეთებს.
აშშ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
"ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, აქამდე, მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის დაკავებას და ახლა, მისდამი მოპყრობას. მათ შორის, საქართველოს ომბუდსმენის ოფისის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის შეშფოთებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად",-თქვა ნედ პრაისმა.
იხილეთ ასევე: