საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი თბილისშია. ჯონ სენდვიჯი ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ, დღეს მოინახულებს.
მანამდე, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ქართველ ადვოკატებს ელოდებიან. ისინი გლდანის ციხეში დაახლოებით, 1 საათში მივლენ.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მისი თქმით, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა წნევის რეგულირება. ექიმმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რადგან არსებობს რისკები, რომ მას ინსულტი ან გულის შეტევა განუვითარდეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან თქვა, რომ მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.