მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარის მიღების შემდეგ, ანა ფოტიგა კახა კუჭავას შეხვდება

გამოქვეყნდა:

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერმა, ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოში სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რომ გლდანის ციხეში შესულიყო და საკუთარი თვალით ენახა, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, ბრეგაძის უწყებისგან დასტური ვერ მიიღო. გლდანის ციხის კარი დაკეტილი აღმოჩნდა ლიეტუვას სეიმის წევრებისთვისაც.

ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის წუხს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებისა და გამჭირვალობის ნაკლებობის გამო. 

ანა ფოტიგა უკვე 2 დღეა ელოდება, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევა. ევროპარლამენტარი დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრას აპირებს. ინფორმაციას ადასტურებს კუჭავაც. თუმცა ის ევროპელი პოლიტიკოსების ციხეში არდაშვებაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ოცნების" ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში რთულ პირობებშია და რეალურად, ხელისუფლებამ მართლაც დილეგში გადაიყვანა.

"ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატვა ევროპარლამენტარებისადმი, სადაც საყოველთაო ინტერესია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. განსაკუთრებით ეს ინტერესი გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაცივილიზებული, არაჰუმანური და ველური დამოკიდებულების გამომჟღავნებელი კადრების გავრცელების შემდეგ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. 

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სიახლე არ არის, რომ "ოცნება" დასავლელ პარტნიორებს პატივს აღარ სცემს და მათი ერთადერთი მოკავშირე ახლა რუსეთია.

"ხელისუფლებას დიდიხანია აღარ აინტერესებს დასავლეთის რეაქცია რა იქნება და როგორ იქნება. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 19 აპრილის შეთანხმებასთან მიმართებაში...ჩაქნეული აქვთ ხელი, მათი ერთადერთი მოკავშირე რჩება ახლა რუსეთი", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დატოვებას დღეს საღამოს აპირებს. ამ დროისთვის კი მას პარტია "საქართველოსთვის" წევრები ხვდებიან. სავარაუდოდ, ფოტიგასთან შესახვედრად მივიდა ყოფილი პრემიერმინისტრიც, გიორგი კვირიკაშვილიც. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი