
ოპოზიციური პარტიები ევროპარლამენტის წევრი, ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებას საგანაგებო განცხადებით ეხმაურებიან.
როგორც ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მათ აქვთ დასტური ევროპელი კოლეგებისგან, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი დელეგაცია და ამ ვიზიტის მისია ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იქნება.
"დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი. პირველ რიგში მინდა, მოგიწოდოთ ვისაც ხელი მიგიწვდებათ სოციალურ ქსელზე, რომ ქალბატონ ანა ფოტიგას მადლობა გადავუხადოთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავკარგოთ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ევროპაში, ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ.
აქ მოსვლამდე მქონდა ხანგრძლივი საუბარი ანა ფოტიგასთან და რაიმუნდ ლოპატასთან, რომლებსაც უარი უთხრეს ციხეში შესვლაზე და მინდა გითხრათ, "ოცნებამ" თავად აირჩია ის გზა, რომელიც გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების რომლებსაც ექნებათ მისია, შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და შეხვედრას კვლავ მოითხოვენ და ამავდროულად ამ ვიზიტის მისია იქნება ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის არჩევანი - შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ევროატლანტიკური მომავალი.
დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტთან, ასევე ველოდებით, რომ ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პროცესები, რასაც ჰქვია "პოლიტიკის გადატვირთვა" ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფოტიგასთან მიმართებაში ხელისუფლებამ, რომ ღიად ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და ამაზე პასუხს გასცემს როგორც ქართველი ხალხი, ასევე, ევროპელი მგეობრები", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ხელისუფლების ქმედება ევროპარლამენტარების უპატივცემულობად შეაფასა ასევე პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
"თქვენ იცით, რომ გუშინ საგანგებო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა ევროპარლამენტარი, ძალინ მნიშვნელოვანი, თავისუფლებისთვის ბრძოლის ბიოგრაფიის მქონე ანა ფოტიგა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მისი მდგომარეობის მონიტორინგი. ხელისუფლებამ მას ძალიან უხეშად და შეურაცხმყოფელად უარი უთხრა ყველანაირი კანონდარღვევით შესვლაზე ადამიანთან, რომლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებაც არის დღეს გათელილი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში სპეციალური ვიზიტით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გლდანის ციხეში არ შეუშვა. ვიზიტზე უარის შემდეგ, ანა ფოტიგა პარლამენტში მივიდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდება.
ამავე თემაზე:
ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე უარი მითხრეს - ანა ფოტიგა