"მთავარის" ინფორმაციით, დღეს 6 საათზე კონსილიუმის წევრი ექიმები გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევლენ.
შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო წითელი ზონაა. დეკანოზ მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი "ვივამედში" გადაყვანა გახდა საჭირო.
კოვიდინფიცირებულის კონტაქტები არიან ციხის საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის მთავარი ექიმიც, რომელსაც ყველა იქ მყოფ პატიმართან აქვს შეხება. კოვიდინფიცირებულის კონტაქტები არიან ის ბადრაგებიც, ვინც დაწესებულებაში მორიგეობენ.
ამ დროისთვის არ არის ცნობილი გაუკეთეს თუ არა ტესტი 45 დღის განმავლობაში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს და როდის უნდა ველოდოთ პასუხს.
კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობა უფლებადამცველებსაც აღარ ექნებათ.
"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ჯანმრთელობის მონიტორინგის შესაძლებლობა არ მოგვეცა და განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა დღეს 5 საათზე ჩემი თხოვნით და ორგანიზებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შექმნილი იყო იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ, ვცდილობთ, შევიდეს გლდანის დაწესებულებაში და შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა",- ამბობს შოთა თუთბერიძე, ადვოკატი.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. გადაყვანის დროს არ იყო დაცული კოვიდრეგულაციები და ეს ყველაფერი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს.