
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს.
ნანა გეგეჭკორმა გადაცემაში თქვა, რომ ის მდგომარეობა, რაც გუშინ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ აღწერა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მაღალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
"კუჭნაწლავის ზედა ტრაფტიდან სისხლდენა არის გადაუდებელი სამედიცინო პრობლემა. მე ბევრჯერ მიმართავს ასეთი პაციენტი, მაქვს ყოველდღიური შეხება მსგავს პრობლემასთან...ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საიდან ვიწყებთ და სისხლის დანაკარგი რამდენია, იმიტომ რომ ასეტთი პაციენტები ხშირად, იმდენად სწრაფად პროგრესირებენ სისხლდენაში, რომ შეიძლება, მასიური ტრანსფუზია დასჭირდეთ. ეს არის ნამდვილად გადაუდებელი პრობლემა და აუცილებლად, ასეთი პაციენტი უნდა იყოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელიც ძალიან მაღალტექნოლოგიურია",-თქვა ნანა გეგეჭკორმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ზურაბ გურულიც. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში პაციენტს მუდმივი დაკვირვება სჭირდება.
"45 დღის ნაშიმშილები ადამიანი, რომელსაც აქვს ის სიმპტომები, რომლებიც მივიღეთ სხვადასხვა მნახველებისგან, წარმოადგენს ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტს. ამ განყოფილების პაციენტი, თვითონ კი არ უნდა ეუბნებოდეს წნევა გამიზომეო, ყოველ დღე, ყოველ 8 საათში ერთხელ, შემოვლა უნდა ხდებოდეს, აწონი-დაწონილი უნდა იქნეს სითხეების ის რაოდენობა, რაც მიღებულ იქნა, ბალანსი დადგენილი უნდა ქნას ყოველდღიურად, ამის შეფასება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია პაციენტის ადეკვატური მართვა",-თქვა ზურაბ გურულმა.
გუშინ, 13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა, რომლის ინფორმაციითაც, მესამე პრეზიდენტი იმდენად სუსტადაა, ლოგინიდან ადგომა ვერ შეძლო.
ყიფშიძის გარდა, მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ეკა ხერხეულიძეც, რომელიც ასევე ერთ-ერთი ბოლო იყო გლდანის ციხის საავადმყოფოში შემსვლელთაგან.