
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღესვე დაბრუნდება და შიმშილობასაც ჩამოსვლისთანავე დაიწყებს.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა ადრეც იყო ალბათ საჭირო, მაგრამ მე არ ვტოვებდი იმის იმედს, რომ ხელისუფლება მიიღებდა გონიერ გადაწყვეტილებას და აქამდე არ მიიყვანდა საქმეს, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი ასეთ ცუდ მდგომარეობაშია და უკვე ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს, უკვე დაყოვნებაც არ შეიძლება. ამიტომაც, მე არ მინდა ვიყო თანამონაწილე იმისი, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.