გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ფაქტს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას კოვიდ-19 დაუდასტურდა და სისტემა ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. 

"ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს...ამ დროს ვხედავთ როგორი ჩაკეტილია სისტემა და ინფორმაციას როგორ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა. 

ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან და უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვხვდებით, ეს ადამიანები იქ ტრიალებენ. კიდევ  ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში დატოვება",- ამბობს ბექა ბასილაია. 

ცნობისთვის, გუშინ, 14 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც იმავე დაწესებულებაშია, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა. მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეკანოზს მხოლოდ ციხის ადმინისტრაციასთან ჰქონდა შეხება.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებული იყო ციხის საავადმყოფოს დირექტორი, რომელსაც ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან.

პასუხად კი პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ციხე წითელ ზონად არ გამოცხადებულა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი