
არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებას.
ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრის გასაგრძელებლად, მზადაა.
არის უამრავი პარტია, რომელსაც დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანის, ამისთვის სულ რაღაც 15000 ხმა სჭირდებათ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარულ, არამედ პროპორციულ სისტემაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში თავიანთი კანდიდატის დაყენება. საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პარტიების ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა მაჟრიტარულ ოლქებზე, - ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ.