
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო პარტნიორები "კრიმინალების მფარველობაში" დაადანაშაულა, კონტრბრალდებებს ოპოზიციას უყენებს და ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადება ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებაზე სპეკულაციაა.
"ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა ლიდერები პირდაპირ ლანძღავდნენ არა მარტო კონკრეტულ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, არამედ ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის განცხადებები, მელიას განცხადებები, გვარამიას განცხადებები და ა.შ როდესაც ისინი საუბრობენ რაღაცა გამოგონილი კურსის ცვლილებაზე, ეს არის რა თქმა უნდა ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ შეწყვიტონ ასეთი სპეკულაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, კობახიძემ წერილი 13 ნოემბერს გამოაქვეყნა და ევროპარალმენტარი ანა ფოტიგა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მომავალში, როდესაც უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შეაფასებენ, სახელმძღვანელო შემდეგი იქნება - " ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ".