
"სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმში ვინც იყო, ისინიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულები?!" - მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობს. მისი თქმით, სისულელეა, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი პოლიტიკურად მიკერძოებულია.
"ირაკლი კობახიძე, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წლის განმავლობაში ალბათ, გარდა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელების მითითებების შესრულებისა, გვესაუბრება იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მის მიერ შერჩეული პროფესიონალი ექიმები არიან პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები. ეს არის სისულელე. ირაკლი კობახიძეს მინდა ვკითხო, ის ექიმები, რომლებიც სახელმწიფომ შეარჩია, სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმში ვინც იყო, ისინიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულები?!
რაზე შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს პრეტენზია თუ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, კობახიძე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როცა ამბობს, რომ უსაფრთხოების გამო ვერ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მისივე აზრით, ეს არ სჭირდება.
ცნობისთვის, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას სავარაუდოდ დღეს გაასაჯაროებენ.
კობახიძემ ექიმები დღეს პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე: