
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები პროტესტს აგრძელებენ. უკვე მე-5 დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები სხდომათა დარბაზთან შიმშილობენ. მე-16 დღეა შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.
მათი მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
"ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ექიმების კომპეტენტური დასკვნა, დასკვნაში, შავზე თეთრად წერია, რომ პრეზიდენტის ამ დაწესებულებაში სამკურნალოდ დატოვება არის მაღალი რისკის მატარებელი და აუცილებელია მისი გადაყვანა მულტიპროფილურ საავადმყოფოში. რაც შეეხება ხელისუფლების მიდგომას, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ დიდი წყურვილი ამ შურისძიების, ვენდეტის, მიუხედავად ამისა, მაინც საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ნათელგონიერება და გადაიყვანენ მას ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში", - თქვა თემურ ჯანაშიამ.
მოშიმშილე აკო მინაშვილი ამბობს, რომ მიუკერძოებელმა, პროფესიონალმა ექიმებმა დასკვნა უკვე დადეს და თუ ხელისუფლება ამას არ შეასრულებს, პროტესტი არ გაჩერდება.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.
ამავე თემაზე: