"თავდასხმისა და დაშინების მცდელობა" - სახალხო დამცველი კობახიძის მუქარას პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძის მუქარას სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება

"აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს" - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია კობახიძეს კანონმდებლობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველს უფლება აქვს მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად.

"სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა (https://bit.ly/3x7au60). აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს" ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ოფისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას.

"პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება (https://bit.ly/3qPJ17Q). ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ." ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენსა და მისი ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს ირაკლი კობახიძე მას შემდეგ დაემუქრა, რაც არ მოეწონა დასკვნა, რომელიც მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დადეს და თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაშია გადასაყვანი.

დღეს მთელი დღის განმავლობაში, კობახიძეც და მისი თანაპარტიელებიც, დასკვნას "ფეიკს" უწოდებენ და მათი პასუხისმგებლობის დაყენებით იმუქრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი