
სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმებიც აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტი ისეთ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, სადაც მისთვის სრულფასოვანი სერვისის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრთან სახელმწიფო კონსილიუმისა და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტიკარაძე ეთანხმება ყველა არგუმენტს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია მისი გადაყვანა.
"ყველა ექიმი, ყველა ინსტანციის, ყველა კონსილიუმის მონაწილე შეთანხმდა იმაზე, რომ პაციენტი უნდა იყოს მართული მისთვის შესატყვის გარემოში, იმ დაწესებულებაში სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სერვისის აღმოჩენა.
მინისტრის პოზიცია ყოველთვის არის ექიმების მხარეს, როგორ გითხრათ, როგორ შეიძლება, ყველას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელი და ცოცხალი", - თქვა ნინო შარაშენიძემ.
ჯანდაცვის სამინიტროდან დაუკავშირდნენ და უწყებაში მისვლა სთხოვეს გუშინ მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიასაც. ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ მან შეუძლოდ ყოფნის გამო, უწყება უკომენტაროდ დატოვა.