"ქართული ოცნების" დეპუტატები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ამბობენ, რომ სწორედ ხელისუფლებაა ის, ვინც მისი ჯანმრთელობით და შიმშილობის შეწყვეტითაა დაინტერესებული.
დეპუტატების თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ისინი ზრუნავენ, ოპოზიცია კი მდგომარეობით სპეკულირებს.
"კონსულტაციები ჰქონდათ როგორც გითხარით ჩვენს კოლეგებს იქ არსებულ ექიმთა პერსონალთან, ნახეს, შეამოწმეს სიტუაცია და გამომდინარე აქედან არის ეს საჯარო ინფორმაცია, რომ ხდება უახლოეს საათებში კონსულტაციები და ამის შემდგომ ექიმთა გადაწყვეტილების საფუძველზე ბუნებრივია შესაბამისი დაწესებულება, ამ შემთვევაში პენიტენციური სისტემა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც აქამდე, იმისათვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობა იყოს მართული.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როგორც ადრე, დღესაც ზრუნავს უფრო ხელისუფლება, ვიდრე მისი მომხრეები, იმიტომ, რომ აქციებით, რადიკალური გამოსვლებით და ასე შემდგომ, ძალიან კარგად ვიცით, რომ მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება მოხდეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ასეთივე პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლეობის წევრს, ირაკლი ქადაგიშვილს:
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე, ასე ვთქვათ, საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადაწყვეტილება საბოლოოდ მისი იქ მკურნალობა იქნება თუ სხვა ჰოსპიტალში იქნება გადასაყვანი, ამას მიიღებს, რა თქმა უნდა, ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური.
მისი ჯანმრთელობით და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტით არის დაინტერესებული ხელისუფლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.