
ალტერნატიული კომისიის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ აუცილებელია, ეკატერინე ტიკარაძემ, როგორც ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიციას საჯაროდ დააფიქსიროს.
როგორც მან აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძემ უნდა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ეთანხმება.
"მინისტრი არის ექიმების, ჯანდაცვის სისტემის მეთაური. ჯანდაცვის სისტემა მთლიანად ეფუძნება ზოგადსაკაცობრივო იდეალებს, მათ შორის ექიმთა პრინციპს, რომლის ფიციც მას დადებული აქვს - არ ავნო. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებულია დაიცვას ექიმების პრესტიჟი, პროფესიონალიზმი და ნებისმიერი პაციენტი. შესაბამისად, მან ხმამაღლა უნდა თქვას, გამოვიდეს განცხადებით, რომ იგი ეთანხმება ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას", - თქვა ოთარ თოიძემ.
მანვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, მრავალი გართულების მიზეზი გახდეს.
"რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც 50 დღეა შიმშილობს, ამ პირობებში ეს სინკოპარული ეპიზოდი შეიძლება მრავალი გართულების მიზეზი გახდეს. ეს არის დაწყებული უბრალო გულის წასვლისა და ოფლიანობიდან, დამთავრებული სიკვდილით", - თქვა ოთარ თოიძემ.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ, 18 ნოემბერს დამძიმდა. როგორც მისმა ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან ინდივიდუალური გასინჯვებისთვის შევლენ. შეხვედრების კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია.