
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრმა, ეკატერინე ტიკარაძის პოზიციაზე "ფეიკი" გაავრცელა.
ირაკლი კობახიძემ ექიმთა და კლინიკების ასოციაციებს "ორკაციანი" უწოდა და თქვა, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაფუძნებული "ფეიკები" არიან.
"ტყუილია და რა თქმა უნდა, მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებებს. ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, ტყუილი გაავრცელეს", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრთან სახელმწიფო კონსილიუმისა და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტიკარაძე ეთანხმება ყველა არგუმენტს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია მისი გადაყვანა.