
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება "ყველაზე ჰუმანური ნაბიჯია", რომლის გადადგმაც ხელისუფლებას შეეძლო.
"ჩვენ ვთავაზობთ პატიმარს, რომ იგი გადაყვანილი იყოს კლინიკაში. ეს არის შემოთავაზება ჩვენი მხრიდან. რა არის ამაში გაუგებარი? ამაზე უფრო ჰუმანური ნაბიჯი დამისახელეთ", - მიმართა ბრეგაძემ ჟურნალისტებს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდება და შიმშილობას შეწყვეტს, მის უსაფრთხოდ გადასაყვანად ყველა შესაბამისი ღონისძიება დაიგეგმება.
"გარეთ გაყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში საჭიროებს მის თანხმობას. ეს არის ჩვენი ოფიციალური შეთავაზება. თუ იქნება მისი თანხმობა, იგი იქნება გადაყვანილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მთელი ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად. როგორც კი იქნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა, ყველა შესაბამისი ღონისძიება დაიგეგმება, რათა პატიმარი უსაფრთხოდ იქნას გადაყვანილი", - თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი "მოწყვეტით დაეცა" და გონება დაკარგა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
ამავე თემაზე: