
"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, შესთავაზონ მიხეილ სააკაშვილს გორში ჰოსპიტალიზაცია, ელენე ხოშტარიას მდგომარეობის გამო მიიღეს.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის აზრით, სახელმწიფო დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შეესრულებინა.
"ელენე ხოშტარიას ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი. როდესაც ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ის არ გავწირეთ და სახელმწიფომ არ გაწირა.
მე ვფიქრობ, რომ თითქოს, 50 დღეა შიმშილობს სააკაშვილი და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის, თუმცა აქ შეიძლება სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, თუმცა არ მგონია და თქვენც, ალბათ, ამას ძალიან კარგად ხვდებით. მათ შორის, სახელმწიფო დაეხმარა თავად სააკაშვილს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ მას შეესრულებინა დაჟინებული მოწოდება სტრასბურგის სასამართლოსი",- თქვა მამუკა მდინარაძე.
მდინარაძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა მიზეზით შეირჩა გორის სამხედრო ჰოსპიტალი და თქვა, რომ ის მრავალპროფილურთან ერთად მაღალტექნოლოგიურია და დაწესებულებაში უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. მან გონება დაკარგა. ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ამავე თემაზე: