მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მოძრაობა “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუს-ის შენობასთან 13 ნოემბერს დააკავეს, გაამართლა, - ინფორმაციას "სირცხვილია" ავრცელებს.
მათი ცნობით, მოსამართლემ თამარ კურატიშვილი გაამართლა როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.
"მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებს სხვა აქტივისტებს და მიემართება კიდეც, თუმცა პოლიციელი მას ამის საშუალებას არ აძლევს, მოუწოდებს მას ვიდეოგადაღების შეწყვეტისკენ და აკავებს. ”წარმოდგენილ მტკიცებულებებში არცერთი კანონდარღვევა არ იკვეთება” - აღნიშნა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული უკანონო დაკავების გამო თამარ კურატიშვილმა იზოლატორში 48 საათი გაატარა და იგი ამ ნაწილში განაგრძობს სამართლებრივ დავას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აქტივისტი 13 ნოემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ბათუმის სუს-ის შენობასთან მდუმარე აქციის გამართვას გეგმავდა. აქცია დაწყებული არ იყო, რამდენიმე პოლიციელმა კი აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავეს.
ამავე თემაზე: