ბათუმში არასრულწლოვნები პოლიციას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა არასრულწლოვნები ბულვარში სეირნობისას გააჩერეს და მათთვის ფოტოს გადაღება მოინდომეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამბობს, რომ ამ დროს სამართალდამცავებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი ხუთივე ახალგაზრდას სცემა.
"თქვენ ხომ სამართალდამცავები ხართ, ხო ასე გიწოდებენ, თქვენ თუ არ მეცით მე პატივი, პატარა ბიჭს, მე რატომ უნდა გცეთ პატივი", - ამბობს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჩანაწერში.
ამ სიტყვების შემდეგ ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"მოვიდნენ ფოტოს გადაღება მოითხოვეს, მერე გადაიღეს რაღაც. ძმაკაცმა კითხა მშვიდობააო? უზრდელი ბიჭი ხარო რა, უზრდელი რატომ ვარო, საუბრობდნენ, მერე ხელი მიკრა პოლიციელმა, მერე დაარტყა, მერე დააყარეს ყველამ ერთად პოლიციელმა.
თავს გადაგპარსავო, შეურაცხყოფებზე გადავიდნენ", - ამბობს არასრულწლოვანი "მთავართან".
დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ არასრულწლოვნები განყოფილებაში გადაიყვანა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საბოლოოდ 3 ახალგაზრდა დააკავეს.