
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხის" დაჯარიმება ტელეკომპანიის დახურვის პირდაპირი მცდელობაა.
როგორც მან აღნიშნა, კომისია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოცნებას ასრულებს, რომელიც ოპოზიციური მედიის განადგურებას უკავშირდება.
"ეს არ არის ცენზურის დაწესების მცდელობა, ეს არის პირდაპირ ტელეკომპანიის დახურვის მცდელობა. მარეგულირებელი კომისია პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას და ოცნებას, რომელიც რა თქმა უნდა, არის ის, რომ ოპოზიციური მედია საერთოდ განადგურდეს საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის სწორედ "მთავარი არხი" და მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ძალიან ხმამაღალი განცხადებები უნდა გააკეთონ", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ბექაურის უწყებამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხი არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად არხის დახურვის ტოლფასია.
ამავე თემაზე: