გამოძიება დავით რიჟვაძის ზედამხედველობით მიმდინარეობს, ნდობა არის ნულოვანი | ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე ენმ-ის წევრები გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოკითხვა დასრულდა. ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს 2 საათზე მეტხანს კითხავდნენ პოლიციის იმ სამმართველოში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ზეწოლაში მხილებული დავით რიჟვაძეა.

როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, გამოძიებას კითხვები ჰქონდათ იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც მათ გაავრცელეს და რომელშიც ისმის მოწოდებები, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს პარტია უნდა დაეტოვებინა.

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.

"აინტერესებდათ მეხსიერების ის ბარათი, რომელიც გამოძიებას გადავეცი, იყო თუ არა ორიგინალი, ზუსტად ის, რაც გადმომცა ბატონმა ნუგზარმა, რაც დავუდასტურე. ჰქონდათ კითხვა, ვფლობდი თუ არა ინფორმაციას "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ამ საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებს? - დავუდასტურე, რომ სრული ინფორმაცია მქონდა. მთავარი ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ დავით რიჟვაძემ გაუშვა ეს ადამიანები ნუგზარ ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად, ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მაქვს. 

ახლაც სადაც გამომძიებელი გამოკითხვას მიტარებდა, ზემოთ სართულზე ზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით რიჟვაძე, რომელიც მთავარი ბრალდებული უნდა იყოს წესით, და რიჟვაძის ზედამხედველობით მიმდინარეობს გამოძიება ამიტომ ნდობა ამ გამოძიების მიმართ არის ნულოვანი", - ამბობს გიორგი კირთაძე.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ახლა მამა-შვილი რიჟვაძეების დაცვას და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობს.

"ბადრი ბაკურიძესთან და ვაჟა თაბაგიძესთან, სადაც ეკითხებიან ფუტკარაძეს, რომ "ის ერთი კაცი ელოდება პასუხს", ვინ არის ეს ერთი კაცი, ეს გვინდა ვიცოდეთ დაუყონებლივ. ჩვენი მტკიცებით არის დავით რიჟვაძე, თუ არ არის, მაშინ გამოძიებამ ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაგვისახელოს ვინ არის", - ამბობს მირდატ ქამადაძე ენმ-ის წევრი.

ცნობისთვის, დღეს ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრებიც გამოიკითხებიან. უწყებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს ის ადამიანები, რომელთა ხმაც აუდიოჩანაწერებში ისმის. "მთავარის" ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ქვეყანა უკვე დატოვა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი