"მთავარის" ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ​ქვეყანა დატოვა | პოლიციაში ოპოზიციის გამოკითხვები გრძელდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნუგზარი ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, რომელიც ოპოზიციის დეპუტატზე ზეწოლაში მონაწილეობდა, ქვეყანა დატოვა.

საქმეზე ბათუმის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. განყოფილებაში გამომძიებლები დღეს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ლიდერებს ელოდებიან.

გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე პოლიციაში ორი დღის წინ უკვე გამოკითხეს და უცნობია, დღეს რა გარემოებების დაზუსტება სურთ მათთან სამართალდამცველებს.

ოპოზიციის ლიდერებს აქვთ ეჭვი, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" მუქარასა და შანტაჟს შეწირული ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრის გარდაცვალებაში დამნაშავეებს ისევ ოპოზიციაში ეძებს.

"გუშინ ერთ-ერთმა სახელისუფლებო ტელევიზიამ უცნაური კითხვები დასვა, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, თითქოს დათო და თორნიკე რიჟვაძეები კი არა, მე ვაწარმოებდი ზეწოლას ბატონ ნუგზარზე. საეჭვოდ დაემთხვა ამას ის, რომ მე გამოკითხვა უკვე ვიყავი და გუშინ კიდევ დამირეკეს, რომ დაბარებული ვარ. არავის აქვს იმედი, რომე ეს გამოძიება შეიძლება ობიექტურად ჩატარდეს, რადგან საქმეს ხელმძღვანელობს დავით რიჟვაძე, მთავარი ბრალდებული ადამიანი ამ საქმეში, ვისი სახელითაც ცდილობდნენ ბატონი ნუგზარის მოსყიდვასა და დაშანტაჟებას", - თქვა გიორგი კირთაძემ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენმე დღით ადრე გადასცა.

​ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი