გერმანიაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოვიდის ერთ-ერთი მუტაციური ფორმა დღეს სამხრეთ აფრიკიდან გერმანიაში ჩასულ მგზავრს აღმოაჩნდა.
სოციალურ საქმეთა მინისტრმა კაი კლოზემ, დღეს Twitter-ზე დაწერა, რომ "ომიკრონის ვარიანტი, დიდი ალბათობით, უკვე არის გერმანიაში".
"ომიკრონისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მუტაცია სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურში აღმოაჩინეს. ამიტომ არის სერიოზული ეჭვი, რომ ვირუსის ახალი ფორმა გერმანიაშიც არის. ეს ადამიანი იზოლირებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტისგან აღებული ანალიზების შესწავლა", - წერს კლოზე.
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა ჩეხეთშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ეგვიპტიდან დაბრუნდა.
BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა ბრიტანეთშიც დადასტურდა.
მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გაავრცელეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმაზე მეტად საყურადღებოა, ვიდრე ის მუტაციები, რაც აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ.
ამავე თემაზე: