საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას პასუხობს და ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს გუშინ სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე საგუშაგოებიდან ჩამოიყვანეს.
თალაკვაძეს "აინტერესებს", ვინ იღებს პასუხისმგებლობას ცენტრალური მაგისტრალის "გადაკეტვაზე".
"საოკუპაციო ხაზის მოძრაობის დამფუძნებელს, სწორად წარმოვთქვი ხო?! მინდა დავუბრუნო პასუხი, რომ ქუჩა რომ გადაკეტეთ გუშინ, ცენტრალური მაგისტრალი, მოქალაქეებს რომ სჭირდებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მთელი მოძრაობა რომ დაბლოკეთ, ამაზე გვაინტერესებს რა რის თქვენი არგუმენტი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას. და მოგონილი ტყუილებით ყურადღების გადატანას ვერ შეძლებთ, გირჩევთ, რომ ობიექტურად აღიქვათ რეალობა და შეეგუოთ, რომ თქვენი ლიდერი არის მართლმსაჯულების წინაშე და მას მხოლოდ მართლმსაჯულების წინაშე შეუძლია თავისი არგუმენტების წარდგენა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
"მთავარის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამო, გუშინ დედაქალაქში სამართალდამცველები ოკუპაციის ხაზთან არსებული საგუშაგოებიდან წამოიყვანეს. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა მხოლოდ მინიმალური რაოდენობა რჩებოდა, თბილისში გადმოსროლილი კონტინგენტი უკან გვიან ღამით დააბრუნეს.