
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც მან აღნიშნა, დაწყებული აქვთ ყველა იმ "ზონდერის" იდენტიფიცირება, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს პროვოკაციას უწყობდა და ძალადობდა.
"გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ გადააქციეს პოლიცია პოლიტიკური დავალების შემსრულებად, პოლიცია არ იცავს მოქალაქეს, პოლიცია არ იცავს კანონს, ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და რა თქმა უნდა, ისინი იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს.
ხაზს ვუსვამ, ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები, სპეცრაზმელების წარმომადგენლები", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
მან საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს მოუწოდა, საკითხი დაინტერესდნენ.
"ჩვენ ასეთი პოლიტიკური სამართალის გამო, ასეთი დიქტატორული რეჟიმის გამო, მივმართავთ მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებულო მოვლენებით, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავებით, მათ შორის სისხლის სამართლის საქმით, რომელსაც აპირებენ აღძრან ბაჩო თამლიანზე და წაუყენონ ბრალი. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს ამ საქმეებით, ასევე, ვპირდები თითოეულ ზონდერს, "ხარებას" და ზვიად ჭოხონელიძის პირად ზონდერებს, ანუ ივანიშვილის პირად ზონდერებს, რომ თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შალვა ბედოიძე, შსს-ს მოადგილე თაობდა გუშინ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 პირი დააკავა, მათ შორის არიან გიგი უგულავა და ბესიკ თამლიანი. დღეს ცნობილი გახდა, რომ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება.