
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ბუპრენორფინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
"პოლიციამ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ვ.ჟ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 99 აბი, ხოლო ა.დ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შემცველი 30 აბი, ,,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.