"მათ ეშინიათ რიგგარეშე არჩევნების" - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდებაზე საუბარი რიგგარეშე არჩევნების შიშით არის განპირობებული. 

მათი თქმით, "ოცნება" თავს იზღვევს როგორც რიგგარეშე, ასევე 2024 წლის არჩევნებისთვისაც, რადგან თუ 2024 წელს არჩევნები დღეს მოქმედი 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, ეს პატარა პარტიებს პრობლემებს შეუქმნის.

"მნიშვნელოვანია დაბალი ბარიერი და პროპორციული საარჩევნო სისტემა იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად არ დავრთავთ უფლებას ბიძინა ივანიშვილს, რომ 120/30-ზე, შერეული სისტემით ჩაატაროს კვლავ არჩევნები, რომ თავში მოუვიდეს რაღაც პოლიტიკური კრიზისი, დაამთხვიოს და შემდეგ გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ პირობის შესრულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მუდმივად აქტუალური იქნება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა "ოცნება" დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"ეს განცხადება გუშინდელი ემსახურება რამდენიმე მიზანს. პირველი - შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციურ ფლანგზე და მეორე - ეს იყო კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმის, რომ ძალიან ეშინიათ "ქართულ ოცნებაში", რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება როგორც კი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული. მინდა გითხრა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველვის იყო და იქნება, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი გუნდის "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული".

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერა. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს და მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი