კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - ოპოზიცია „გამარჯვების ფორმულაზე"

გამოქვეყნდა:

დავით ბერძენიშვილის "გამარჯვების ფორმულას" ოპოზიციაში ეხმაურებიან. ამბობენ, რომ თბილისში მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება რეგიონებს, ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა რიგ ოლქებში ერთიანი კანდიდატურის დააყენების პოზიციას იზიარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია თბილისში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება, რის გამოც მისი პარტია საკუთარ კანდიდატს მხოლოდ ორ რაიონში დააყენებს.

თბილისში ერთიანი მაჟორიტარების დასახელებას ძალიან მხარს ვუჭერთ და რომ იტყვიან, ღმერთი და ხალხია მოწამე, რამხელა ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული რეზულტატების მისაღწევად კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ ვიბრძოლოთ ყველას გამარჯვებისთვის და სხვისი, ამ ფრონტზე, რომელიც ივანიშვილს არ შეუქმნის კოალიციას, რომელიც მეორე ტურში ივანიშვილს დაეხმარება, რომელიც გაყალბების საშუალებას არ მისცემს ამ რეჟიმს და სხვისი გამარჯვებაც საერო გამარჯვების ნაწილად ესახება, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

თბილისში რომ ოპოზიციამ კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპიროს, ამ პოზიციას „ევროპულ საქართველოშიც“ იზიარებენ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე ამბობს იმასაც, რომ უკეთესი იქნება თუ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთო კანდიდატებზე შეჯერდებიან, თუმცა, საჭიროდ თვლის, რომ ყველა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა ცალ-ცალკეც მიიღოს.

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, არა იმიტომ, რომ თბილისი დანარჩენ საქართველოზე მნიშვნელოვანია, არამედ საარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, დანარჩენ ოლქებში რჩება ძალიან ბევრი ოლქი, სადაც საკვანძო იქნება საერთო კანდიდატზე შეჯერება და ამ მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება მოლაპარაკებები და საუბარი, ეს ყველაფერი პროცესია. ბუნებრივია, არის საარჩევნო ოლქები, სადაც არც იგეგმება საერთოდ და არც არის საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა მაჟორიტარულ ნაწილში, - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარს არ ჩქარობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ოპოზიცია თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში დასაყენებელ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ უნდა მსჯელობა რეგიონებზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე შესაძლოა ვაკეში, მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს, თუმცა ოპოზიციას ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუღია. 

არ გამოვრიცხავ, რომ იგივე რეგიონებში იყოს გარკვეულ ოლქებში შეთანხმება, ეს უნდა მივიღოთ იმ კუთხით, რა უნდა ხალხს და რა სჭირდება საერთო გამარჯვებას. არა ის, რომ თბილისის გარდა, ყველგან კონკურენცია, არამედ შეიძლება ისე იყოს, რომ ზოგიერთ რაიონში ასევე სჯობდეს, რომ საერთო კანდიდატები იყოს, ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება იყოს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ, ჯერ თბილისზე ჩამოვყალიბდეთ საბოლოოდ და შემდეგ უკვე გადავალთ რეგიონების განხილვაზე, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - "რესპუბლიკურმა პარტიამ", საპარლამენტო არჩვენებში, ოპოზიციის "გამარჯვების  ფორმულა" წარადგინა. დავით ბერძენიშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციამ  მოიგოს, აუცილებელია თბილისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების მხარდაჭერა, რეგიონებში კი პირველ ტურში, სრული კონკურენციის პირობებში, მმართველ პარტიას რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვან.

"რესპუბლიკური პარტიის" "გამარჯვების ფორმულის" მიხედვით, "ქართული ოცნება" პროცესების რადიკალიზაციასა და მხოლოდ ორპარტიული დაპირისპირების წარმოჩენას ვეღარ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი