"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში 1 კვირის ვადაში გადაიყვანენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს წყარო როგორც პენიტენციური სამსახურიდან, ისე გორის ჰოსპიტლიდან, თუმცა ისინი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.
მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე დღეს "მთავარ არხთან" იუსტიციის მინისტრმაც ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალის შემდეგ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ, თუმცა როდის, ეს უცნობია.
იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაიყვანენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.