
მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაცია და "მწვანე პასპორტების" მოქმედება პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის ღია დაპირისპირების მიზეზი ხდება. ეპიდვითარების გაუარესებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციაზე ალაპარაკდა, რასაც პრემიერი ეწინააღმდეგება.
ტიკარაძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდსიტუაციას დაასტაბილურებს, ღარიბაშვილს კი, სავარაუდოდ, ანტივაქსერულად განწყობილი მოქალაქეების განაწყენება არ სურს.
დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურისა და ჯანდაცვის მინისტრის დაპირისპირებასა და პოლიტიკურ კინკლაობას ადამიანები ეწირებიან.
"ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორი შიდა დაპირისპირება აქვთ მათ. ერთს ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, მეორეს პრემიერი, სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს NCDC-ს. აი, ამ ქაოსს, გაუგებრობას, ერთმანეთთან შუღლს ეწირებიან ჩვენი მოქალაქეები", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ვატო სურგულაძის თქმით, ჯანდაცვის მესვეურებმა დაინახეს, რომ რაც ხდება ქვეყანაში მიუღებელია და ასეთ დროს სიტუაციას ღარიბაშვილი აბრკოლებს: "რას ფიქრობთ მეგობრებო, 12 000-ზე მეტი ადამიანი მოკალით".
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: საბა ბუაძე