ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი და წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობისას, არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატები გამოიყენებოდა, რაც ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
"ეს არის ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფსიხოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიხოზი არ აღენიშნებოდა. ეს პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება, არის ასეთი მეთოდი და შესაბამისად, უნდა გასცენ პასუხი, რას ემსახურებდა ეს",- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
"აშკარა იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედება. მოდუნებული, დაღლილი, ოდნავ ნელა მოაზროვნე პრეზიდენტი. დასუსტებული პაციენტი ღებულობდა როგორც ჩანს, მისთვის არაადეკვატური დოზის პრეპარატებს" - აცხადებს ოთარ თოიძე, რომელიც "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრია.
პირველი განცხადება იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტს არასწორი მედიკამენტებით მკურნალობენ, ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბარში დღეს გააკეთა.