
გამორიცხულია, ამ აბსურდულ, სამარცხვინო ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, საუბრისას.
ნიკა მელია ამბობს, რომ "სახელმწიფო გადატრიალების" საქმის გამოძიებაში, სუს-თან თანამშრომლობას არ აპირებს - ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში - ამბობს მელია.
მისი თქმით, თუ რაიმე მტკიცებულება უჭირავს ხელში სუს-ს გამოვიდეს და ილაპარაკოს საჯაროდ, რადგან მსგავსი მუხლით აბსურდული გამოძიება აღნიშნულმა უწყებამ უკვე არაერთხელ დაიწყო. მელია თვლის, რომ ლილუაშვილის უწყებაში მისვლით, ის ხელს შეუწყობს ამ "დამამცირებელ თამაშში"
"ჩვენ ვემზადებით არაძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის, ვემზადებით, რომ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯები მაქსიმალურად დავასუსტოთ და ვემზადებით პიკისთვის ამ საპროტესტო აქციების. როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს ეს მათთვის საინტერესოდ და ამას ემსახურება ის შეტყობინება, რომელიც მივიღე" ამბობს ნიკა მელია "მთავარი არხის"პირდაპირ ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში" საუბრისას.
მელიას თქმით, გამოკითხვაზე ის არც "მურუსიძის სასამართლოში" მივა.
ლილუაშვილის უწყებიდან შეტყობინება ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს მიიღო. მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ ე.წ. სახელმწიფოს გადატრიალების მორიგი საქმის გამოძიების ფარგლებში სურთ.