დღე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს.
პარალელურად ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, სკანდალური დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება.
ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გუშინ ისაუბრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ფარმაკოლოგიური წამების მსხვერპლია და მას ფსიქოტროპულ პრეპარატებს პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში არასწორად აძლევდნენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ამ მედიკამენტის მიღება იქნებოდა რელევანტური, მაგრამ იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, პრეპარატი მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
"დოზირება განისაზღვრება კილოგრამ წონაზე, ის ღებულობდა საშუალო დოზაზე ნაკლებ დოზას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის არ იყო ჯანმრთელ კონდიციაში, მედიკამენტს შესაძლოა, გამოეჩინა ტოქსიკური ეფექტი, რაც გამოვლინდა კიდეც. ჩვენ პაციენტი ვნახეთ სადღაც 50-ე დღეს და მანამდე ნანახი არ გვყავდა. ეს რომ ტოქსიკური დოზა იყო ისიც მეტყველებს, რომ მოიხნა თუ არა ეს პრეპარატი, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა",- ამბობს ნევროლოგი, ოთარ თოიძე.
თოიძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, მესამე პრეზიდენტის მკურნალობა სხვა რბილი, საძილე საშუალებებით დაეწყოთ.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში უპასუხეს.
მკურნალმა ექიმმა განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებდა და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ ჰქონდა. ექიმი არ აკონკრეტებს პრეპარატის სახელს, თუმცა ამბობს, რომ სააკაშვილს იმ მედიკამენტს აძლევდნენ, რომელიც სახელმწიფო კომისიისა და მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა კომისიამ ერთობლივად შეაჯერა.
იხილეთ ასევე: