გორდონი: სააკაშვილი გმირია, რომელმაც გაბედა და ივანიშვილის საქართველოში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილი გმირია, რომელმაც გაბედა და ივანიშვილის საქართველოში დაბრუნდა, როდესაც ზუსტად იცოდა რამდენად სასტიკად მოექცეოდა მას რეჟიმი"- ამბობს "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გავლენიანი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.

გორდონი საქართველოს ხელისუფლებამ 27 ოქტომბერს ქვეყანაში არ შემოუშვა და აეროპორტიდანვე უკრაინაში გაადეპორტა. საქართველოში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ალესია ბაცმანი. 

"მას უნდოდა საკუთარი ხალხის გაღვიძება, უნდოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ყოფილიყო ასეთ რთულ დროს. ასეთი ხალხი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ის სიკვდილისთვისაც მზად იყო" - ამბობს დმიტრი გორდონი "დღის სტუმრის" ეთერში.

ინტერვიუ გორდონთან, "მთავარის" ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ ჩაწერა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

- დარწმუნებული ვარ, ბატონო გორდონ, რომ ყურადღებით უსმინეთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო პროცესებზე. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად და ივანიშვილის მძევლად მიიჩნევს. ალბათ მოისმინეთ მისი მთავარი გზავნილები სამოქალაქო შერიგებაზე და ქვეყნის განვითარებაზე. თქვენ ინტენსიური კონტაქტი გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში. დღეს რას იტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, როგორ გამოიყურება ის და როგორ პოლიტიკურ თუ ფიზიკურ ფორმაშია მიხეილ სააკაშვილი?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი. ეს არის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ იმის ძალა იპოვა საკუთარ თავში, რომ თავის დროზე პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში შთამბეჭდავი, მთელი მსოფლიოსთვის გასაოცარი რეფორმები ჩაეტარებინა, არამედ ასევე იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროს დაბრუნებულიყო სახლში. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ის ციხეში წავიდა შეგნებულად. მან იცოდა, სადაც მიდიოდა და მაინც ჩავიდა საქართველოში და ეს არ შეიძლება აღფრთოვანებას არ იწვევდეს. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვარ სააკაშვილით და მინდა, რომ ის ციხეში არ იჯდეს. ის იმსახურებს არა ციხეს, არამედ ძეგლს იმ ყველაფრის გამო, რაც მან საქართველოსთვის და ქართველებისთვის გააკეთა.

რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ჩაერთოდ საერთაშორისო საზოგადოება და მათ შორის უკრაინამაც უნდა შეიტანოს წვლილი მის განთავისუფლებაში, მაგრამ ასევე ქართველებმაც უნდა იმოქმედონ. მათ უნდა გამოავლინონ მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ასეთი კოლაფსიდან გამოიყვანა. მე მშვენიბვრად მახსოვს, როგორი იყო საქართველო სააკაშვილამდე, სააკაშვილის დროს და ასევე ვხედავ, როგორია მის შემდეგ. ამიტომ, ერი მისი მადლიერი უნდა იყოს.

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ჩანს, რომ ის არის მოტეხილი და დაბერებული. გაჭაღარავებულია საგრძნობლად, მაგრამ სულიერად ისევ ძლიერია. მე ეს თავად დავინახე სასამართლოი პროცესს როდესაც ვიყურებდი. ეს კი იმდენად აღაფრთოვანებს ნებისმიერ ადამიანს, რომ სურვილს გიჩენს, რომ მას ჰგავდე.

- თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინულ არხზე თქვით, რომ მიშა მზად იყო სიკვდილისთვის. ანუ თქვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება. რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს?

- მე ვიცოდი, ის რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მან მე ეს თავად მითხრა. ამან საკმაოდ გამაკვირვა, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ადამიანი თავისი ნებით მიდიოდეს ციხეში, მაგრამ მან მითხრა, რომ ნამდვილი რევოლუციონერი სიკვდილისთვის უნდა იყოს მზად და ისიც მზად არის ამისთვის.

- რატომ მიდიოდა ის უკიდურეს ნაბიჯზე? რატომ აპირებდა თავის გაწირვას? მან სასამართლო პროცესებზე, მოგვიანებით, ამის შესახებ კი ისაუბრა, მაგრამ საინტერესოა, რას ამბობდა თქვენთან?

- მას უნდოდა საკუთარი ხალხის გაღვიძება, უნდოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ყოფილიყო ასეთ რთულ დროს. ასეთი ხალხი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ეს იგივე სააკაშვილია, რომელილც ვაჟკაცურად დადგა 2008 წელს. მე ვიცი და ბევრმა იცის, რომ პუტინმა მასთან სარკოზი გააგზავნა, რომელმაც უთხრა, რომ თვითმფრინავი უკვე აქ არის, წამოდი, გაგიყვანთ აქედან, იმიტომ რომ რუსები მალე თბილისში იქნებიანო და მხოლოდ ისეთ ადამიანს, როგორიც სააკაშვილია, ისეთი რკინისნერვებიან ადამიანს შეეძლო, რომ ამაზე უარი ეთქვა და სამშობლოში დარჩენილიყო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

- თქვენ ამბობთ, რომ მიშამ გაგაფრთხილათ ყველაზე მძიმე სცენარისთვის, მაგრამ მაინც წარმოიდგენდით გლდანის ციხის კადრებს? რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში წამების მსხვერპლი გახდებოდა. იყო თუ არა სათანადო რეაქცია უკრაინისა და დასავლეთის მხრიდან ამ შემზარავ კადრებსა და ისტორიაზე?

- იმ კადრებმა, რომლებშიც ჩანს, როგორ მიათრევენ ხელებით და ფეხებით პოსტ-საბჭოთა სივრცისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულ პრეზიდენტს, როგორ უდიერად ეპყრობიან მას, აღაშფოთა ყველა ნორმალური ადამიანი და მათ შორის მეც. არ შეიძლება, პრეზიდენტთან ასე მოპყრობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ამცირებს არა მას, არამედ ერს, ადამიანებს, რომლებიც მას ასე ექცევიან. ასე არ შეიძლება. ...მე კარგად მახსოვს, რა ხდებოდა მაგ ქვეყანაში - კრიმინალი, ინფრასტრუქტურის არარსებობა, საშინელი მედიცინა, საშინელი განათლების სისტემა, კორუმპირებული პოლიცია, როდესაც კრიმინალური სამყაროს ლიდერს აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრი ხვდებოდა. ეს იყო საშინელება, ყველაზე კორუმპირებული პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. ამიტომ, ადამიანს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ამ ყველაფრის გამოსწორება შეძლო, ასე რომ ექცევი, ეს უნდა მოახერხო. ამიტომ, მე სამართლიანობის და მადლიერების მომხრე ვარ. მე ვთვლი, რომ სააკაშვილის მიმართ გამოიჩინეს უსამართლობა და შავი უმადურობა. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება სწრაფად.

- და ამ ფონზე, როდესაც უკრაინის მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია და ციხეშია, ნაწამებია, როგორ აისახება ეს ყველაფერი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე? ვისაუბროთ თქვენს ისტორიაზეც საქართველოში არშემოშვების თაობაზე

ბოლოს მე ვიყავი საქართველოში დაახლოებით სამი წლის წინ და უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. რაც გააკეთა სააკაშვილმა, ბევრი რამ ჯერ კიდევ შემორჩა, რადგან ქართველებმა დაინახეს, რომ ასე უკეთესია, მაგრამ უკუსვლა მაინც შესამჩნევია. მაგალითად, ჩვენ ვისხედით ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში და ჩვენთან ერთად იყო სამი ყოფილი ქართველი მინისტრი, ასევე ერთი უკრაინელი პარლამენტარი და უცბად დარბაზის მეორე ბოლოში საშინელი ჩხუბი დაიწყო. თეფშები და ჭიქები დაფრინავდა. პოლიცია დაგვიანებით მოვიდა და მოჩხუბრებთან მოლაპარაკება დაიწყო. იქ მეგობრებმა მითხრეს, რომ მიშას დროს ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაშინ ორ წუთში პოლიცია ადგილზე იქნებოდა და ყველა მოჩხუბარს აუცილებლად დააკავებდნენ. აი ეს ერთი პატარა მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის.

მე ლავროვის სიტყვებს სერიოზულად მხოლოდ მაშინ აღვიქვამ, როდესაც ის თავის ნათესავებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც ისინი მშვენივრად მოეწყვნენ, რუსეთში დააბრუნებს. სანამ ლავროვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების ნათესავები აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში, სანამ მათ იქ ფული და უძრავი ქონება აქვთ, მანამდე, ჩემი აზრით, დასავლეთს რუსეთისგან არაფერი ემუქრება.

მინდა მჯეროდეს, რომ ზელენსკი კატეგორიულად მოითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი მხრიდან რაიმე ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. მე ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, სჯობს, დავიცადოთ და ყველანი დავინახავთ, რა იქნება. ახლა უბრალოდ მინდა გავიხსენო დიდი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის საქციელი, რომელიც კიევში ჩამოვიდა, მიუხედავად მისი ჰჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომ ზელენსკის შეხვედროდა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის შესახებ ესაუბრა. მე ქედას ვიხრი ამ ადამიანის წინაშე, რადგან ასეთ ადამიანებზე დგას დედამიწაც და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებიც. იმოქმედებს თუ არა ეს ზელენსკის გადაწყვეტილებებზე? თავად ის ამბობს, რომ კი, ამიტომ, ახლა უნდა დავიცადოთ და ვნახოთ.

ჩემი სურვილი მარტივია: თავისი დაბადების დღე მან აღნიშნოს კიევში. მესმის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მე მზად ვარ, მასთან ერთად მისი დღეობა ვიზეიმო მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს, რაც მალე, მით უკეთესი. მე მას ვუსურვებ, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახოთ ის ისევ ენერგიული და მომღიმარი, როდესა აქ, კიევში, მის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.

ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვსაუბრობთ და ვწერთ ამის შესახებ, ასევე ვატარებთ მოლაპარაკებებს მთელ რიგ გავლენიან პიროვნებებთან მთელ მსოფლიოში, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ხმა აღიმაღლონ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მე ვფიქრობ, რომ ქმედებების ჯამურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმაც უნდა თქვას თავისი სიტყვა და თუ იტყვის, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას შეისმენს.

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი