
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშზე იმსჯელეს.
ღარიბაშვილის თქმით, უნდა, ყველაფერი სწორად გააკეთოს.
"რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
"პირველ რიგში ძალაინ დიდი მადლობა. პრემიერთან იყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, ერთ-ერთი იყო ფარმაცევტული ინდუსტრია და ვთქვით, რომ თუ შეიძლებოდა ბიზნესთან შეხვედრა. და ეს არაა პირველი შემთხვევა, პრემიერმა იმწუთში თქვა, ხაზი მინდა ამას გავუსვა, აუცილებლად შევიკრიბოთ და განვიხილოთ პროფესიონალურად და აკადემიურად.
ჩვენ ამ ოთახში, ძალიან ბევრი ამ წელიწადში, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თქვენს მიერ, ჩვენი წარდგინებით, თქვენი დახმარებით და ამან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას", - თქვა ფხაკაძემ.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი აპირებს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში პარლამენტს წარუდგინოს.