თუ ასე გააგრძელებენ, ხელფასს ვერ მიიღებენ - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ენმ-ს ემუქრება

გამოქვეყნდა:

მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ენმ-ს წევრებს ემუქრება. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, იქამდე კი პოსტერი "თავისუფლება მიშას" გაშალეს, გიორგაძემ განაცხადა, რომ თუ ენმ ბოიკოტის რეჟიმში გადავა, მათი ხელფასების საკითხს დააყენებს.

"თუ ესენი  მართლა გულით აკეთებენ ამას, მაშინ კეთილი ინებონ და უარი თქვან ხელფასებზე და სარგოებზე. ეგენი თუ ცდილობენ სხდომებს არ დაესწრებიან და რამეს გვავნებენ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ და გადაწყვეტილებებს მაინც მივიღებთ ხელს ვერ შეგვიშლიან, მაგრამ ეს არის სახე მათი პოლიტიკური საქმიანობისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მათ ხმა მისცა ამომრჩეველმა და ესენი ასე ბოიკოტით აპირებენ გაგრძელებას. მე დავაყენებ საკითხს, თუ ესენი ასე გააგრძელებენ, ხელფასს ვერ მიიღებენ" ამბობს გიორაძე.

​მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტერი ენმ-დან ნარგიზა ალიევამ გაშალა. ის ამბობს, რომ დაესწრება ყველა სხდომას, მათ შორის ხელფასის გარეშეც და არ აპირებს იყოს "ყრუ-მუნჯი" დეპუტატი: 

"არავის არ აქვს უფლება ხალხის მიერ მოწოდებული მანდატი წაგვართვას. ამით თუ გვაშანტაჟებენ, არაა პრობლემა. მე ხელფასის გარეშეც დავრჩები. თუ სააკაშვილი ციხეშია, ე.ი. დემოკრატია ამ ქვეყანაში მოკვდა. მე ყველა სხდომას დავესწრები და არც ერთ მანდატს არ დავტოვებ, ამას აქედან გიცხადებთ. არავის აქვს უფლება ეს მანდატი წამართვას. ჩემთვის არც თანამდებობა არც ხელფასი არაა მნიშვნელოვანი. მთავარია ხალხის ხმა მივაწოდოთ და ყრუ-მუნჯი დეპუტატები რომ ვიყოთ ამის სურვილი არ გვაქვს" - ამბობს ნარგიზა ალიევა. 

რადიო მარნეულის ინფორმაციით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა მარნეულში პროტესტის ფონზე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სხდომაზე პოსტერი "თავისუფლება მიშას" გაშალა და თქვა, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მან პლაკატი სხდომის დარბაზში გააკრა რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გაღიზიანება მოჰყვა. მან პლაკატი ჩამოხია და დეპუტატს ესროლა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი