
"მოსალოდნელი არ იყო, ეს იყო მოულოდნელი განცხადება, ანუ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გახდა ჩვენთვის გუშინ ცნობილი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მინისტრის გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
"მიზეზებთან დაკავშირებით, ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.
"არა, ცალსახად არა" - უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაზე.
გაბუნიას განმარტებით, ახალი მინისტრი გადაწყვეტს რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თქვა, რომ მუშაობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ამავე თემაზე: