შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ჩემი პრობლემა იყო, რომ ეს თანამდებობა არ ვიცოდი - კალაძე ერიკა ოლსონზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის კრიტიკას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემა ის იყო, რომ თანამდებობის არსებობის შესახებ, რომელსაც ერიკა ოლსონი იკავებს, "არ იცოდა".

"გაუგებარია იან კელის განცხადება, იმიტომ, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, არ არსებობს ეგეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან, რომ მრჩევლის მოადგილე, ეს ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი", - თქვა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა".

ოლსონთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას კახა კალაძემ ასე უპასუხა: "ვინ არის ? ვისზე საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს რაღაცა? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? ვა, არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო".

მოგვიანებით, კალაძის ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი გამოეხმაურა: "საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით... ამას კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა", - დაწერა იან კელიმ Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი