
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა:
"ნატო უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია.
2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი" ამბობს დავით ზალკალიანი.
რუსეთი ითხოვს გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ "საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები". განცხადება ლავროვის უწყებამ ამის შესახებ, 10 დეკემბერს გაავრცელა.