შემთხვევა გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ წინასწარი მოთავსების იზოლატორში - ბანალური მიზეზით დაკავებული 40 წლის მამაკაცი იქ გასულ პარასკევს შეასახლეს. მეორე დილით, 3 დეკემბერს კი იზოლატორის კამერაში ის გარდაცვლილი იპოვეს, ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალით და ღია ჭრილობებით.
ჩვენი ინფორმაციით, თანამესაკნე ამტკიცებს რომ ეძინა.
ნათესავებს ჯერ არწმუნებდნენ,რომ ხვიჩა ჯიყაშვილმა თავი ჩამოიხრჩო, მერე უთხრეს რომ საპირფარეშოში წაიქცა. ოჯახს ამ ვერსიების არ სჯერა.
დაზიანებები, რომელიც ფოტოზე კარგად ჩანს, აჩენს ეჭვს რომ ხვიჩა ჯიყაშვილი ცემით მოკლეს. სახეზე, მარჯვენა მხარეს დიდი ჭრილობა, რომელიც გვამის ექსპერტიზის დროს ექიმებმა გაკერეს. დალურჯებები შუბლზე, გახეთქილი ღვიძლი და დამტვრეული ნეკნები - ეს არის დაზიანებები, რომელიც პატიმარს სავარაუდოდ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიაყენეს. მისი სიკვდილიც, დიდი ალბათობით ამ ტრავმებმა გამოიწვია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უკვე გამოკითხეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და იმ ღამით იზოლატორში მყოფი პირები.
ჩვენი ინფორმაციით გამოკითხულია ჯიყაშვილის თანამესაკნეც, აღებულია დნმ ის ნიმუშები და ახლა გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება - რამ გამოიწვია ჯიყაშვილის სიკვდილი და როდის მიიღო მანდ დაზიანებები.