
ევროკავშირმა რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 8 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი, რომელთაც სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, ანგარიშები დაუყადაღდებათ და ევროკავშირში ჩასვლა აეკრძალებათ.
სანქცირებულთა შორისაა დიმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის - "გრუს" ყოფილი ოფიცერია და "ვაგნერის" ოპერაციების ორგანიზებას ახდენდა.
დაჯგუფება ვაგნერის სახელი არც საქართველოსთვისაა უცხო. რამდენიმე თვის წინ "მთავარი არხი" იუწყებოდა, რომ ამ სამხედრო დაჯგუფების დაქირავებული მკვლელი და რუსეთის დაზვერვის ოფიცერი კირილ კრივკო საქართველოში თავისუფლად - შეცვლილი სახელითა და გვარით შემოვიდა და საქმიანობაც დაიწყო.
"ვაგნერი" კრემლთან პირდაპირაა დაკავშირებული. მის დაქირავებულ მებრძოლებს ვლადიმერ პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს.