
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე მედიასთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ის NCDC-ს ღონისძიებას არჩილ თალაკვაძესთან ერთად ესწრებოდა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ტიკარაძის შემცვლელად სახელდება.
გადამდგარი მინისტრი მიიჩნევს, რომ მის შემცვლელად ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული კანდიდატი დასახელდება.
"გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ მე მექნება ამაზე ინფორაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული, მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები.
არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული, ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა C ჰეპატიტთან ურთიერთობის, აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მე თქვენ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა არ ეძებონ "ინტრიგა" მის გადადგომაში. მოგვიანებით კი მან მედიისგან თავის ასარიდებლად შენობა სამზარეულოს გავლით დატოვა.