ვინ, როგორ, რა ფორმით და რა დოზით უნდა იყოს პოლიტიკაში, ამას წყვეტს ხალხი და არა კობახიძე - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. 

საუბარია კობახიძის "ინსტრუქციაზე", რომლის მიხედვითაც, საყოველთაო შერიგების წინაპირობაა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური სივრცე დატოვოს. 

"ამ განცხადებაში ყველაფერი იყო ნათქვამი, რომ მათ ეშინიათ პრეზიდენტ სააკაშვილის, სწორად ეშინიათ. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მოჰყვა ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციამ მოიგო ყველა დიდი ქალაქი, შესაბამისად მათი მთავარი საზრუნავი არის მთავარი ოპონენტის გაყვანა პოლიტიკური სივრციდან და ამის შემდეგ საუბრობენ, რომ თურმე მერე იქნება რაღაცაზე ლაპარაკი. ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მოქალაქეზე იფიქრებს და მათ გამო საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა, ეს ნახა საზოგადოებამ, ამიტომ კობახიძეს რა სურს ერთია და მეორე რა რელობა დადგება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ის "დემოკრატიის სამიტზე" პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს რეალური შანსი, ქვეყანაში კრიზისი განმუხტოს. 

"პრეზიდენტს ზურაბიშვილის აქვს შანსი, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს და თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ბოლომდე, სანამ არ რეჟიმს არ დავამთავრებთ, რომელიც წყვეტს პოლიტიკაში ვინ უნდა იყოს და ვინ არა. პოლიტიკაში ვინ როგორ რა ფორმით უნდა იყოს და რა დოზით, ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა კობახიძე და რუსი ოლიგარქი", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, საყოველთაო შერიგების ინიციატორი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. პოლარიზაციის შემცირებისა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა "დემოკრატიის სამიტზე" პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორ აპირებს ის პროცესის წარმართვას. შერიგების იდეის მომხრეა მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

ამავე თემაზე:

ვიდრე ამ კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარიც ზედმეტია - კობახიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი