საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ყოფილი ძალოვანი, მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-6 დღეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება და ელოდება, რა განაჩენს გამოუტანს რუსეთის მარიონეტული რეჟიმი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ჩხიკვაძის მეგობრები და ყოფილი ძალოვნები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე იმ „შავ სიაში“, რომელის საოკუპაციო რეჟიმს დიდი ხნის წინ აქვს შედგენილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ის დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებების მსხვერპლი გახდეს.
"ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ ცხინვალიდან, რომ ის არის სასტიკად ნაცემი, ჩვენთვის ეს მოცემულობა რჩება მოცემულობად იმ დრომდე, სანამ ამას ჩვენი თვალით არ ვნახავთ და ეს ინფორმაცია არ გაქარწყლდება ვიდეომტკიცებულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს, პრესინგს ხელისუფლებაზე და ვფიქრობ, მალე, თუ ოჯახიც ვერ დაინახავს ქმედით ნაბიჯებს და რეალურ ქმედებებს, ჩვენ უკვე ოჯახის თანხმობით დავიწყებთ სერიოზულ საპროტესტო აქციებს, მოხდება რუსული ტვირთების ბლოკირება", - თქვა დავით ქაცარავამ.
ცნობისთვის, გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". განცხადების ეს ნაწილი სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, თუმცა ის პერსონალურად მოხსენიებული არ არის.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.